შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაინდემა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატად Mastercard-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი აჯაი ბანგა წარადგინა. განცხადება თეთრმა სახლმა გაავრცელა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბანგას აქვს ამ თანამდებობისთვის აუცილებელი საჭირო გამოცდილება, კერძოდ, „ჩვენი დროის ყველაზე აქტუალური საკითხების გადასაჭრელად, მათ შორისაა კლიმატის ცვლილების პრობლემა“.
63 წლის ბანგა ამჟამად General Atlantic-ის ვიცე-პრეზიდენტია, მანამდე კი Mastercard-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო. ბანგა ინდოეთში დაიბადა, ის ამერიკის მოქალაქეა.
მსოფლიო ბანკს ტრადიციულად ამერიკელი ხელმძღვანელობს, რადგან აშშ ბანკის უმსხვილესი აქციონერია.
მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ამავდროულად არის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. ის ასევე არის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, მრავალმხრივი ინვესტიციების გარანტიის სააგენტოს (MIGA) დირექტორთა საბჭოს და საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრის (ICSID) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
მსოფლიო ბანკს ამჟამად დევიდ მალპასი ხელმძღვანელობს. ცოტა ხნის წინ, მან განაცხადა ივნისის ბოლომდე გადადგომის განზრახვის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ 5-წლიანი ვადის ამოწურვამდე თითქმის 1 წელი ჰქონდა დარჩენილი. მალპასი თავის დროზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარადგინა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტად. დავიდ მალპასმა კლიმატის აქტივისტების კრიტიკა და ბაიდენის ადმინისტრაციის იმედგაცრუება გამოიწვია კლიმატის საკითხებისადმი არასაკმარისი ყურადღების გამო.