შეერთებული შტატები უკრაინისთის მეოთხე ან მეხუთე თაობის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდმა Washington Post-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ვიქტორია ნულანდის თქმით, გადაწყვეტილება უკრაინის საჭიროებების შეფასების შემდეგ მიიღება.
ნულანდმა ასევე აღნიშნა, რომ 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე, ვაშინგტონი სანქციების მორიგ პაკეტს გამოაცხადებს. მისი თქმით, ახალი შემზღუდავი ზომები შეეხება რუსულ ბანკებს და ასევე, ჩინურ კომპანიებს, რომლებიც მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.
უკრაინა, ომის დაწყების პირველივე დღიდან ითხოვს საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას, რათა შეძლოს საკუთარი ცის დაცვა რუსული აგრესიისგან. უკრაინის თქმით, ცის დასაცავად 200-მდე მოიერიშე თვითმფრინავი სჭირდება, პრიორიტეტულია ამერიკული F-16 ტიპის გამანადგურებლები.