რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი საქართველოში განხორციელებული ტერაქტების საქმის გახსნას "პოლიტიკურ შოუდ" აფასებს.
ამის შესახებ ლავროვმა "მოამბესთან" ინტერვიუში განაცხადა. რუსეთის მთავარმა დიპლომატმა სპეცოპერაცია "ენვერიც" გაიხსენა და აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული რუსეთის მოქალაქეების დანაშაულის მტკიცებულება არ გააჩნია.
"მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ბოლო განცხადებები ჯაშუშობასთან დაკავშირებით უამრავ შეკითხვას აჩენს. არარსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ დაკავებულმა რუსეთის მოქალაქეებმა დანაშაული ჩაიდინეს ქართული ან საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევის კუთხით. ის, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა დაკავებულ რუს ჯაშუშებთან დაკავშირებით, უფრო არასერიოზულ საუბარს ჰგავს, რადგან როცა მტკიცებულება არსებობს, მას, როგორც წესი, წარმოადგენენ ხოლმე. ასე რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ხმამაღალ განცხადებებად და პოლიტიკურ შოუდ მეჩვენება", - განმარტავს ლავროვი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში სექტემბერ-ნოემბერში განხორციელებული აფეთქებები გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აფეთქებების სერიის ორგანიზებაში, შესრულებასა და ხელშეწყობაში ეჭვმიტანილი 6 პირი დააკავეს, 2-ზე კი ძებნა გამოაცხადდა. ოფიციალურად დადასტურებულია, რომ აფეთქებების დამკვეთი და ორგანიზატორი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, მაიორი ევგენი ბორისოვი იყო. რაც შეეხება სპეცოპერაცია "ენვერს", ქართველმა სამართალდამცველებმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირები გამოავლინა, მათ შორის რამდენიმე ფედერაციის მოქალაქეა.