საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ოკუპანტი ძალისა და მარიონეტული რეჟიმის დამანგრეველი ქმედებების გამო, შავი ზღვის სანაპირო აბრაზიას განიცდის.
"ჩვენი გარემო ადამიანების საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევების წინაშე დგას, რომელთა შეჩერებაც ადვილია და რომელთა იგნორირებაც არ უნდა დავუშვათ. აქვე უნდა აღვნიშნო ის ტრაგიკული სიტუაცია, რომელიც დღეს საქართველოს ამჟამად ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთშია, სადაც ოკუპანტი ძალისა და მარიონეტული რეჟიმის დამანგრეველი ქმედების გამო, შავი ზღვის სანაპირო აბრაზიას განიცდის. მათ მიერ გუმისთის მდინარიდან ინერტული მასალების მოპოვებამ მშენებლობის პროექტისათვის, რომელიც სოჭის ოლიმპიურ თამაშებს უკავშირდება, მეწყერები და მიკროკლიმატის გადაგვარება გამოიწვია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა მე-16 კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ოკუპანტების მიერ ნავთობის უკანონო მოძიება შავ ზღვაში, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ხდება სრულ სიბნელეში, ყოველგვარი იმ ლეგიტიმური საფუძვლის გარეშე, რომელიც გარემოზე გავლენის შემოწმების საშუალებას იძლევა.
"ეს უაღრესად შემაშფოთებელი ფაქტია. ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ მიმდინარე ოკუპაციისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევის გამო, ჩვენ არ შეგვიძლია შევაჩეროთ ეს ყოვლად აღმაშფოთებელი ქმედებები", - აღნიშნა სააკაშვილმა.