საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა მე-16 კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. მისი განცხადებით, საქართველო გლობალური ენერგო მომარაგების გზა ჯვარედინზე მდებარეობს.
პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა მექსიკის მთავრობას და კონფერენციის დელეგატებს კონფერენციაზე გაწეული მუშაობისთვის.
მისი თქმით არსებობდა გარკვეული შიში, რომ კოპენჰაგენის იმედგაცრუების შემდეგ კანკუნი იქნებოდა სამიტი, რომელსაც მცირე იმედები და დაბალი მოლოდინები უკავშირდება.
"ჩვენი ქვეყანა გლობალური ენერგომომარაგების გზაჯვარედინზე მდებარეობს, რეგიონში, სადაც ნავთობის და გაზის არსებობა, საწვავის კონფლიქტებს უწყობდა ხელს საუკუნეზე მეტი დროის განმავლობაში. განახლებადი ენერგიის ადგილობრივი წყაროების შექმნა უზრუნველყოფს იმას, რომ ენერგია არ გამოიყენებოდეს პოლიტიკურ იარაღად. ამის განხორციელება მეზობელ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში, როგორც საქართველო იქცევა, ქმნის სტაბილურობას რეგიონში. უშუალოდ კოპენჰაგენის შეხვედრის შემდეგ, საქართველო ოფიციალურად შეუერთდა კოპენჰაგენის შეთანხმებას და ჩვენ მთლიანად ვუჭერთ მხარს მისი დებულებების დანერგვას. აგრეთვე გვჯერა ამ კონვენციის პროცესის გაგრძელების აბსოლუტური აუცილებლობის და დარწმუნებული ვართ, რომ მივაღწევთ დაბალანსებულ შეთანხმებას, რომელიც ასახავს საერთო, მაგრამ დიფერენცირებული პასუხისმგებლობის პრინციპს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
კონფერენცია გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა გახსნა. ონვენციის მხარეთა მე-16 შეხვედრა, რომელიც გაეროს ფარგლებში იმართება, 29 ნოემბრიდან მიმდინარეობს. მასში 192 ქვეყანა და მათ შორის 20 ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს.