მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის მიხეილ ყაველაშვილის შეფასებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება მიუღებელია.
მისი თქმით, გაუგებარია სტრატეგიული პარტნიორისგან დიდაქტიკურ დამოკიდებულება.
„რაც შეეხება ნედ პრაისის განცხადებას, მიუხედავად პატივისცემისა, და ხშირად აღვნიშნავთ ხოლმე, რომ აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მსგავსი დამოკიდებულება მიუღებელია. ჩვენ ვართ ძალა, რომელიც ფაქტებზე დეტალურად ვუხსნით საზოგადოებას, ამ კანონპროექტთან დაკავშირებითაც ჩავატარეთ ბრიფინგი და დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია საზოგადოებას. რუსული კანონპროექტი თვალით არ მინახავს, ჩვენ გვქონდა მსჯელობა, რამდენად შეესაბამება ჩვენი კანონპროექტი და შეგვიძლია ორივე კანონპროექტი (ქართული და ამერიკული) წარვუდგინოთ საზოგადოებას. ბევრად შევარბილეთ ამერიკის კანონმდებლობასთან მიმართებით ჩვენი კანონპროექტი და საზოგადოებას შეუძლია, თავად განსაჯოს, რას ვგულისხმობთ.
იქნება პუნქტობრივი განხილვა პარლამენტში და ყველას შეეძლება, ნახოს. არავის არაფერს ვუზღუდავთ, აქ საუბარია გამჭვირვალობაზე და მიკვირს, რომ ასეთი შეფასებებია, არის შეურაცხმყოფელი განცხადებები. დღემდე ვერც ერთი არგუმენტირებული სამართლებრივი შენიშვნა ვერ მოვისმენე კანონპროექტთან დაკავშირებით.
ვერ ვიგებ დამოკიდებულებას, როცა სტრატეგიული პარტნიორია ქვეყნის და ასეთი დიდაქტიკური დამოკიდებულება, პირდაპირ მოწოდებაა, რომ იზღუდება ადამიანის უფლებები, დემოკრატია და ფაქტების გარეშეა ამაზე საუბარი. მიუხედავად პატივისცემისა, ვინც არ უნდა იყოს, კეთილი ინებოს და განმარტება გააკეთოს, რას გულისხმობს, რომელ პუნქტს გულისხმობს, რომ ვიღაცას ვზღუდავთ და დემოკრატიის საწინააღმდეგო ნაბიჯს ვდგამთ:, - განაცხადა ყაველაშვილმა.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.