პატრიარქის ტახტის გადაბარებას ვერავინ მოესწრება, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა.
„სინოდის სხდომა ძალიან მოკლე იყო. თუ არ ვცდები, იყო სამი საკითხი. სინოდის სხდომამ ძალიან მშვიდობიანად ჩაიარა. საერთოდ, ბევრს ვკამათობთ ხოლმე, მეც მათ შორის. ამჯერად, საკამათო არაფერი იყო. პირველი, რაც შემიძლია, გითხრათ, იყოს ის, რომ მივულოცეთ პატრიარქს დაბადებიდან 90 წლის იუბილე და პატრიარქობის 45 წლის იუბილე. ერთ-ერთი საკითხი იყო, რომ სამძიმრის წერილს გავუგზავნით თურქეთის სახელმწიფოს, მაგრამ პირველ რიგში, კონსტანტინეპოლის პატრიარქს და ანტიოქიის პატრიარქს სირიაში, სადაც მოხდა ეს საშინელი ტრაგედია. დანარჩენი, ძალიან ყოფითი საკითხი იყო“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.
ჟუნალისტების შეკითხვაზე, „იყო თუ არა საუბარი პატრიარქის უფლებამოსილების გადაბარებაზე, ტახტის მემკვიდრეზე?“მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ „ამას ვერავინ მოესწრება“.
„თქვენ მე მაიძულებთ, ცუდი რაღაც ვთქვა. ახლა ვიტყვი, ვერ მოესწრება ამას ვერავინ, ვერასოდეს. არასოდეს დადგება ეს საკითხი დღის წესრიგში და აზრადაც არ მოსვლია ვინმეს თავში, რაღაც მსგავსი ეთქვა. ვერ მოესწრება ვერავინ. პატრიარქი იქნება დიდხანს და ჩვენ პატრიარქის 50 წლის იუბილეს ერთად აღვნიშნავთ. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები“, – განაცხადა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.