"საზოგადოებრივი აზრი უნდა შეიკრას იმის თაობაზე, რომ არ შეიძლება ჩვენ ადამიანი წამებით მოვკლათ ქართულ ციხეში, ეს მიუღებელია", - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და საზოგადოებას გააქტიურებისკენ მოუწოდა.
"საზოგადოებრივი აზრი უნდა შეიკრას იმის თაობაზე, რომ არ შეიძლება, ჩვენ ადამიანი წამებით მოვკლათ ქართულ ციხეში, ეს მიუღებელია, ნებისმიერ ადამიანზეა აქ საუბარი, ნებისმიერ დამნაშავეზე ან უდანაშაულოზე. და მეორე, რომ ასეთ ვითარებაში ქართული საზოგადოება თავის თავს გამოუტანს განაჩენს, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, ჩვენ ვართ ერი, რომელმაც პირველი პრეზიდენტი მოვკალით, მეორე პრეზიდენტი ორჯერ ავაფეთქეთ უბრალოდ გადარჩა და მესამე პრეზიდენტს წამებით ვკლავთ და ეს ყველაფერი უკავშირდება რუსეთს და რუსეთის ინტერესებს, ეს არის ამ მიმართვის შინაარსი", - თქვა გიორგი მარგველაშვილმა.
მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით პეტიცია შექმნა, რომელსაც ქართული საზოგადოების გარდა, ხელს აწერენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტები და პრემიერმინისტრები.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე 6 თებერვალს საქალაქო სასამართლოში ბოლო სხდომა გაიმართა. მოსამართლე გიორგი არევაძემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.