10 დეკემბერს, 16:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში~ საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი 2009 წლის მდგრადი განვითარების ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.
"რადგანაც საქართველოს მთავრობის საჯაროდ დეკლარირებულ კურსს წარმოადგენს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია, სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს ქვეყანაში დასავლური სტანდარტებისა და ფასეულობების დანერგვას, რომელთა შორის არსებითი ადგილი უკავია მდგრადი განვითარების მიზნების გათვალისწინებას ყველა სექტორისა თუ თითოეული ორგანიზაციის საქმიანობაში და საჯარო ანგარიშგებას ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ, ანუ მდგრადი განვითარების ანგარიშგებას", - აცხადებენ სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრში.
"ცენტრის" ანგარიში წარმოადგენს ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ GღI ფორმატით მომზადებულ პირველ მდგრადი განვითარების ანგარიშს საქართველოს მასშტაბით (და, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამიერკავკასიის რეგიონშიც). ანგარიშის გამოქვეყნების ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში მდგრადი განვითარების ანგარიშგების პრაქტიკის დამკვიდრებას.
"მდგრადი განვითარების ანგარიში~ სანდო, დასაბუთებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას აწვდის მკითხველს იმის თაობაზე, თუ როგორია ორგანიზაციის საქმიანობის ზეგავლენა უფრო ფართო სოციალურ, ეკონომიკურ თუ ეკოლოგიურ სისტემებზე, რა მნიშვნელობა აქვს ორგანიზაციის საქმიანობას ქვეყნის განვითარებისთვის. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ნათლად წარმოაჩენს, რომ ორგანიზაცია ცდილობს, საკუთარი წვლილი შეიტანოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში და აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას ამ კონტექსტში.