დღევანდელი დღე მთელი კაცობრიობისთვის კიდევ ერთი გაფრთხილებაა, რომ არასოდეს დავუშვათ არაჰუმანური აზროვნების აღზევება, რამაც შეიძლება, ჰოლოკოსტის მსგავს კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, 21-ე საუკუნეში ადამიანი კვლავ არ არის საკმარისად დაცული მისი ფუნდამენტური უფლებების ხელშეუხებლობისგან.
„ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს ვიხსენებთ მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლს, რომლებიც ადამიანების იდეოლოგიურ გადაგვარებას შეეწირნენ. დღეს განგვიახლდა იმ ტკივილისა და სირცხვილის შეგრძნება, რომელსაც კაცობრიობა ჰოლოკოსტის დანაშაულის გამოაშკარავების შემდეგ განიცდიდა.
ჰოლოკოსტის სისასტიკის მიუხედავად, 21-ე საუკუნეში, ომებისა და იდეოლოგიური განსხვავებულობის გამო, სამწუხაროდ, ადამიანი, როგორც უზენაესი ღირებულება, კვლავ არ არის საკმარისად დაცული მისი ფუნდამენტური უფლებების ხელშეუხებლობისგან.
დღევანდელი დღე მთელი კაცობრიობისთვის კიდევ ერთი გაფრთხილებაა, რომ არასოდეს დავუშვათ არაჰუმანური აზროვნების აღზევება, რამაც შეიძლება, ჰოლოკოსტის მსგავს კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანოს“, – აღნიშნავს ზურაბიშვილი.