სამი ოპოზიციური პარტია "დროა", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "გირჩი მეტი თავისუფლება" სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად 24 თებერვალს აქციას გამართავენ.
"გთავაზობთ, რომ 24 თებერვალს შევიკრიბოთ მთელი საქართველო რუსთაველზე. შევიკრიბოთ, რათა ერთმანეთს გავაგონოთ, რომ არანაირი დეზინფორმაცია ჩვენზე არ მუშაობს და ჩვენი ურყევი ნება, ძლიერი, ერთიანი საქართველოს მშენებლობის ევროპასთან და ევროატლანტიკურ ალიანსთან არასდროს გადაიხედება. შევიკრიბოთ, რათა უკრაინელ ხალხს ვუთხრათ, რომ როგორც ჩვენი გმირი ბიჭები ყოველდღიურად თქვენთან ერთად მედგრად იბრძვიან, ასე მედგრად, ამაყი და მამაცი ქართველი ერი დგას თქვენ გვერდით. შევიკრიბოთ ჩვენი გმირების პატივისცემისთვის შევიკრიბოთ, რომლებსაც დღენიადაგ შეურაცყოფას აყენებს „ქართული ოცნება“. მადლობა თქვენ, ბიჭებო, რომ ასე მამაცად, ურყევად იცავთ ჩვენი სამშობლოს ინტერესებს ფრონტზე, რომელიც არის საქართველოს ფრონტი და არა უკრაინის ფრონტი. ფრონტზე, რომელიც არის ცივილიზებული სამყაროს ფრონტი ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ, რომელიც აუცილებლად დამარცხდება. ჩვენ ვიწყებთ პროცესს, რომელიც მივა დიდ გამარჯვებამდე. მერწმუნეთ, გზა რთულია, ეკლიანია, მაგრამ ამ ეკლიან გზას ჩვენი დიდი ერთიანობით მივიყვანთ საბოლოო გამარჯვებამდე. ამას ყველა ვიზეიმებთ“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.