სასტუმრო "ძველ თბილისში" სახალხო წარმომადგენლობითი კრების სათათბირო დარბაზის პირველი შეკრება ამ წუთებში დაიწყო.
შეკრებას უხელმძღვანელებს სახალხო წარმომადგენლობითი კრების თავმჯდომარე ნონა გაფრინდაშვილი და ასევე არჩეული იქნება სხდომის სპიკერი.
როგორც ნონა გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებს შეკრებს დაწყებამდე განუცხადა, აქ იმსჯელებენ იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც სახალხო კრების აღმასრულებელმა საბჭომ და სხვადასხვა კომიტეტებმა შეიმუშავეს.
მისი თქმით, 25 ნოემბერს ჩამოყალიბებული იდეა, რომელიც დაუმორჩილებლობის კომიტეტების შექმნას ეხება რეალურად ამოქმედდა და ამ სხდომაზე პირველ რიგში ამ კომიტეტების მუშაობა იქნება განხილული.
"ვმუშაობთ გეგმაზე, რომელიც საყოველთაო დაუმორჩილბლობისთვის არის საჭირო. ჩვენ შევქმენით კომიტეტები. 21 დეკემბერს იგეგმება, ამ კომიტეტების გაფართოებული სხდომა, საყოველთაო დაუმორჩილებლობა რაც ლეგიტმურია და ის სახალხო კრების მუშაობის ერთ-ერთი მთავარი ორგანოა", _ განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.
სხდომას ესწრება დაახლოებთ 70 დელეგატი. აქ იმყოფებიან სახალხო კრების აღმასრულებელი წევრები - ნინო ბურჯანაძე, გია ბურჯანაძე, ასევე საინიციატივო ჯგუფის წევრები და სხვადასხვა კომიტეტების წარმომადგენლები. პოლიტიკური პარტიები, ეროვნუილ ფორუმი და მოძრაობა თეთრები.
სხდომა დახურულია და მასზე მიღებული გადაწყვეტილებები ჟურნალისტებისთვის სხდომის დასრულების შემედეგ გახდება ცნობილი.