თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა და თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მამუკა ახვლედიანმა მოლდოვის დელეგაციას, ქ. კიშინიოვის ვიცე-მერის მიჰაი ფურტუნასა და საკრებულოს თავმჯდომარის გენადი დუმანსკის შემადგენლობით უმასპინძლეს. მათი საქართველოში ვიზიტი კიშინიოვის მუნიციპალიტეტში ეკონომიკური სამსახურის შექმნის აუცილებლობითა და ამასთან დაკავშირებით ქართველი კოლეგების გამოცდილების გაზიარებით არის განპირობებული.
"ჩვენ მეორე დღეა რაც საქართველოს ვსტუმრობთ და მოხიბლული ვართ ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობითა და თბილი მიღებით. ჩვენს ქვეყანასა და საქართველოს ბევრი საერთო პრობლემა გვაქვს, რაც კიდევ უფრო აძლიერებსურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობის სურვილს. აქვე მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ შოკირებულები ვართ თბილისით და იმ სასიკეთო ძვრებით, რაც ბოლო 5-7 წლის მანძილზე შეიმჩნევა თქვენს დედაქალაქში'',- განაცხადა გენადი დუმანსკიმ.
დელეგაციის წევრებმა კიშინიოვის თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ისაუბრეს და ამასთან, საქართველოში 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობისა და თბილისის მერის არჩევნების სიტემითაც დაინტერესდნენ.
"მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ თქვენთან მეგობრობას ვაფასებთ და ვგრძნობთ თქვენს კეთილგანწყობას. გეთანხმებით, რომ თბილისი ნამდვილად გალამაზდა, რაზეც დიდი შრომაა დახარჯული. ჩვენს დედაქალაქს პირველად ჰყავს არჩეული მერი, გიგი უგულავა, რომელიც მაისის არჩევნებამდეც ქალაქის მერი გახლდათ, თუმცა მაშინდელი საარჩევნო სისტემით, მერს დედაქალაქის საკრებულოს წევრთაგან ირჩევნენ. რაც შეეხება საკრებულოს, ის 50 წევრითაა დაკომპლექტებული და წინა საკრებულოსგან განსხვავებით, აქ ოპოზიციის ყველაზე აქტიური სპექტრია წარმოდგენილი'',- აღნიშნა ზაალ სამადაშვილმა.
შეხვედრაზე სტუმრები ასევე დაინტერესდნენ საკრებულოს მუშაობით, რეგლამენტით, სხდომების მომზადების პროცედურითა და კომისიებზე დაკისრებული მოვალეობებით.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მამუკა ახვლედიანმა მათ განუმარტა საკრებულოს მუშაობის სქემა.
"ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა, რომლის დაძლევაზეც დედაქალაქის მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ, უმუშევრობაა. მინდა გაგაცნოთ სულ ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვით, თბილისში უახლოეს მომავალში გაიხსნება ჯიხურის ტიპის მაღაზიები, რომლებიც პენსიონერებს 20-30% ფასდაკლებით მოემსახურებიან და ამასთან, მათ დაასაქმებენ კიდეც", _ განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
დასასრულს, სტუმრებმა საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე მომავალი თანამშრომლიბისა და მეგობრობის სურვილით, კიშინიოვში მიიწვიეს.
"მოხარულები ვიქნებით თქვენი სტუმრობით. ჩვენი მეგობრობა უფრო უნდა განმტკიცდეს, მითუმეტეს, რომ ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობის ხიდი ჯერ კიდევ 2005 წელს მიხეილ სააკაშვილმა გადო",- აღნიშნა კიშინიოვის ვიცე-მერმა მიჰაი ფურტუნამ.
მოლდოვის დელეგაცია თბილისში სტუმრობოსას დედაქალაქის მერს გიგი უგულავასა და მერიის წარმომადგენლებს შეხვდა. ისინი საქართველოს დედაქალაქს 9 დეკემბერს დატოვებენ.