პოლიტიკური პარტია "საქართველოს გზა" მოითხოვს მკაცრი სამართლებრივი რეგულაციით მოხდეს ამომრჩეველთა ბიომეტრიული აღრიცხვის უზრუნველყოფა, არჩევნებისთვის სახელისუფლო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრევენცია, მათ შორის არჩევნებზე ძალოვანი სტრუქტურების გავლენის აღკვეთა, შესაძლო დავების სამართლიანანად განხილვის სისტემის დამკვიდრება და არჩევნების ობიექტური საინფორმაციო ველით უზრუნველყოფა.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების გარკვეული ნაწილის აზრია, რომ საარჩევნო გარემოს შეცვლისთვის მიმდინარე მოლაპარაკებები უშედეგობისთვისაა განწირული და ხელს უწყობს მმართველი პარტიის პოზიციების გაძლიერებას. "გვარწმუნებენ, რომ საყოველთაო დაუმორჩილებლობა იძულებულს გახდის ხელისუფლებას გადადგეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიქმნება არჩევნების სამართლიანი გარემო. სახელისუფლო წინააღმდეგობის გათვალისწინებით, ამოცანები მართლაც საკმაოდ რთულია და მათი გადაწყეტა კიდევ უფრო გართულდება, თუკი საზოგადოების თუნდაც ნაწილის მხრივ მოლაპარაკებათა წარმატების მოლოდინს, უიმედობად და მომლაპარაკებელთა მიმართ უნდობლობად ვაქცევთ. შეგახსენებთ, რომ სწორედ ნიჰილისტურად განწყობილმა, არჩევნებზე არ მოსულმა საზოგადოებამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ადგილობრივ არჩევით ორგანოებში ოპოზიციის უმცირესობით წარმოდგენა", - აღნიშნულია განცხადებაში.
"საქართველოს გზა" საზოგადოებას იმის გაცნოებირებისკენ მოუწოდებს, რომ მართვის არსებული სისტემა არ იძლევა ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრების საშუალებას, საერთაშორისო ჩარევისა და მხარდაჭერის გარეშე.
"რევოლუციური, ძალისმიერი მეთოდებით მოქმედებებისაკენ მოწოდებები ოპოზიციური მოძრაობის დისკრედიტაციას ახდენს და კონტრპროდუქტიულია საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობაში. რაც განსაკუთრებით საგანგაშოა, პატიოსანი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად მიმართული ძალისხმევის, საწინააღმდეგო პროპაგანდის ფონზე, კიდევ ერთი, დამატებითი ფაქტორი წარმოიშობა საქართველოს ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების დაპირისპირისპირებულ ბანაკებად გაყოფისთვის", - განმარტებულია პარტიის მიერ გავცრელებულ განცხადებაში.