ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელი შოთა მალაშხია ახალგორის მოსახლეობას სეპარატისტების მიერ მიღებული გადაწყვეტილების საერთაშორისო სასამართლოში გასაჩივრებას ურჩევს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მალაშხიამ განუცხადა, ყველა საერთაშორისო სტრუქტურამ კარგად იცის რაც ხდება ამ რეგიონებში და რომ ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები და ნებისმიერი მარიონეტული რეჟიმის სტრუქტურის გადაწყვეტილება სამართლებრივი ძალის არმქონეა.
"იმ ადამიანებს, ვისაც აპირებენ ძალით ჩამოართვან კერძო საკუთრება შეუძლიათ ინდივიდუალურ რეჟიმში საერთაშორისო სასამართლოს მიმართონ, რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან გატარებულ ღონისძიებებს, იგივე საკითხებს ჩვენ როგორც საერთაშორისო სასამართლოში ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში ვაყენებდით და კიდევ დავაყენებთ", _ აღნიშნა მალაშხიამ.
მისივე შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ სეპარატისტული რეჟიმი ახალგორის რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას სახლებიდან ძალით კიდევ ერთხელ გამოყრის, ეს შეფასებული იქნება როგორც ეთნოწმენდის გაგრძელება.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერის ედუარდ კოკოითის მიერ გამოცემული დადგენილების მიხდევით, ახალგორის რაიონში მცხოვრები მოსახლეობის კერძო საკუთრება სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადდა. ასევე სეპარატისტები გეგმავენ 90-იან წლებში რაიონიდან "გაყრილი" ოსი მოსახლეობების საკუთრებაზე უფლებების აღდგენას.