მარიამ ჯიშკარიანმა დაადასტურა მის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის ავთენტურობა, ისაუბრა მის, განსაკუთრებით, როგორც ფსიქიატრის, ნევროლოგების დიაგნოზებზე, დანარჩენი დიაგნოზებიც მიმოიხილა და თქვა, რომ ამ დიაგნოზებზე, გარკვეულწილად, თავიანთ ნაწილში ექნებათ პასუხები დანარჩენ ექსპერტებს, – ამის შესახებ მიხეილს სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
ადვოკატის თქმით, მთავარია, რომ „ჯიშკარიანმა დაადასტურა თავისი დასკვნის სისწორე, ავთენტურობა და დაიცვა თავისი დიაგნოზების პოზიცია“.
„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უამრავი პატიმარი არის ავად, მათ შორის შიდსით, ცე ჰეპატიტით, ტუბერკულოზით და ამ ადამიანებს უტარდებათ სათანადო მკურნალობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ამ გაწეული მკურნალობით, რაც იმ პატიმრებს უტარდებათ ხელი არ ეშლება სასჯელის მოხდას და სააკაშვილის შემთხვევაში, რომელიც ათი თვეა იმყოფება პატიმრობაში, აქედან ათი თვე უკვე გაატარა საავადმყოფოში. შესაბამისად, არც არავინ დავობს, რომ საავადმყოფოში არის. უფრო მეტიც, პროცესი როგორ დაიწყო გახსოვთ, სააკაშვილმა მოითხოვა დამასწარითო და მოვიდა ცნობა პენიტენციურიდან, რომ „ვივამედიდან“ მისი ავადმყოფობის გამო ვერ მოვიყვანთო. პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები მისდაუნებურად, თუ არ ვიცი რას აკეთებენ, ადასტურებენ, რომ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფია, ჩვენ მეტი არც არაფერზე ვდავობთ. ჩვენი შუამდგომლობა და დასკვნა ამაზეა, რომ იგი არის მძიმე ავადმყოფი, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, პენიტენციური სამსახურის არცერთი კითხვა არ დასმულა არცერთი ექსპერტისადმი, რომელიც უარყოფდა, რომ სააკაშვილი არ არის მძიმე ავადმყოფი. პირიქით, ყველა კითხვა ამას ადასტურებს და დიდი მადლობა მათ ამისთვის“, – განაცხადა ხაჭაპურიძე.