"საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს" მედიაანგარიშის მიხედვით, საქართველოს სატელევიზიო ბაზარზე ორი ტელეარხი "რუსთავი 2" და "იმედი" დომინირებს.
ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, 2009 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, საბაზრო წილის 35,6%-ით "რუსთავი 2" ქვეყანაში ყველაზე პოპულარული არხია. მას მოსდევს "იმედი" 25,4% საბაზრო წილით. ორივე არხს ერთად ბაზრის 61% უკავია, რაც ორგანიზაციის წარმომადგენელთა აზრით, იმას ნიშნავს, რომ ტელევიზორის წინ გატარებული ყოველი 100 წუთიდან 61-ს საქართველოს მოქალაქეები "რუსთავი 2"-სა და "იმედს" უთმობენ.
"პირველი საზოგადოებრივი არხი საბაზრო წილის მხოლოდ 8%-ს ფლობს და მასზე დაკისრებულ ძირითად ფუნქციის სრულფასოვნად შესრულებას - საზოგადოების კრიტიკული და ობიექტური ინფორმაციით უზრუნველყოფას - ვერ ახერხებს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციას საკუთარი არხი აქვს ("აჭარა"). ის
ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსდება და ყოველწლიურად საშუალოდ 5 მილიონ ლარს იღებს. ამ ტელევიზიის თანამშრომლები საჯარო მოხელეები არიან", _ ნათქვამია ანგარიშში.
რაც შეეხება "კავკასიასა" და `მაესტროს", ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ეს არხები ბაზრის მხოლოდ 6,7%-ს ფლობენ.
"მაესტრო" და "კავკასია" მცირებიუჯეტიანი არხებია, რომელთა დაფარვის ზონა მხოლოდ თბილისზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ვრცელდება. ეს ორი არხი ერად ბაზრის მხოლოდ 6,7%-ს ფლობს. რამდენიმე მცირე, ადგილობრივი საკაბელო არხი რეგიონებშიც ფუნქციონირებს. საინფორმაციო პროგრამებს ყველა მათგანი ამზადებს. ამ არხების შემოსავლის ძირითადი წყარო არა რეკლამა, არამედ ნეკროლოგები და სხვა სახის განცხადებებია. ზოგიერთ ქალაქსა და რაიონში მათ ნაწილობრივ ადგილობრივი ხელისუფლება აფინანსებს", _ ნათქვამია ანგარიშში.