მე არ მესმის, რატომ არ არის საქართველო უფრო მტკიცე პოზიციაზე უკრაინის მხარდაჭერის კუთხით, - განაცხადა ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ღონისძიებაში მონაწილეობს, სადაც მსჯელობენ უკრაინაში მიმდინარე ომზე, შედეგებზე, რეგიონულ უსაფრთხოებასა და საქართველოს კონტექსტზე.
„საქართველო დადებით შედეგებს მიიღებს არა მხოლოდ ახლა, როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს, არამედ კოლექტიური უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შეთანხმებისგანაც, რომელიც ამ ომის დასრულების შემდეგ გაფორმდება. ვერ ვხედავ ვერანაირ სარგებელს იმაში, რომ საქართველო გადაჯაჭვული იყოს კრემლთან.
რუსეთი აგებს ამ ომს, ეკონომიკა განადგურებულია, როგორც ჩანს, არ არსებობს კავშირი მთავრობისა და იმას შორის, რაც ქართველ ხალხს სურს. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იყოს ისტორიის სწორ მხარეს, რადგან ქვეყნის ხანგრძლივი უსაფრთხოება დამოკიდებულია შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. დარწმუნდით, რომ ისტორიის სწორ მხარეს დგახართ, რადგან უკრაინა ამ ომიდან გამარჯვებული გამოვა, ხოლო შეერთებული შტატები შავი ზღვის რეგიონის ახალ სტრატეგიაზე მუშაობს და საქართველო ამის ნაწილი იქნება“, - თქვა გენერალმა ბენ ჰოჯესმა.