ქართული თეატრი ემშვიდობება საქართველოს დამსახურებულ არტისტს, ხელოვნების ამაგდარს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობ ქალბატონ ლამზირა ჩხეიძეს.
ბედნიერი ბავშვი ჰქონდა, მწერლისა და ეროვნული მოღვაწის, დავით თურდოსპირელ-ჩხეიძის შვილი იყო. დედა სამთო ინჟინერი ჰყავდა, ისიც ბევრს მოგზაურობდა მივლინებებში ხან ურალში, ხან - დონბასში... თავის დროზე მენშევიკ დავითს, რომლის ხელმოწერაც ამშვენებს 1918 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს, საბჭოთა ხელისიფლებამ არ მისცა დედაქალაქში მუშაობის უფლება და რაიონებში მასწავლებლობდა. ლამზირას ხან დედა ენატრებოდა, ხან - მამა. ბავშვობა ტირილში გავატარეო - იხსენებდა მსახიობი. ხელოვნება ადრეულ ბავშობაში შემოიჭრა მის სულში, მის ცნობიერში დამკვიდრდა ისეთ ძალით, რომ იმის განდევნა უკვე შეუძლებელი იყო. იმხანად მამა სოფელ ველისციხის სკოლის დირექტორი იყო. საგანგებოდ მოწყობილ ადგილას უკრაინულმა დასმა წარმოადგინა ტარას შევჩენკოს „Назар Стодоля“. პატარა ლამზირას (როგორც დირექტორის შვილს) სკამი წინა რიგში ჩაუდგეს და მარტო დატოვეს სცენის პირისპირ. გაიხსნა ფარდა. სასწაულისთვის ამ იდუმალების განცდაც კმაროდა - ზღაპრული ცხოვრება გადაიშალა მის თავლწინ: უკრაინული კოსტიუმები, მსახიობები გრიმში, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, მაგრამ სრულიად უჩვეულო გარემო და ადამიანები, მერე სასიყვარულო სცენაც გათამაშდა და ამ პატარა ბავშვმა თავი ჩახარა. რას მიხვდა, ძნელი სათქმელია, მაგრამ შერცხვა თითქოს, განიცადა! მამამისივით მგრძნობიარე დარჩა სიცოცხლის ბოლომდე.
სკოლა ოქრო მედალზე დაამთავრა და სამსახიობო განათლების გზა აირჩია. მერე რა ვარსკვლავური კურსი იყო: ლეილა აბაშიძე, რამაზ ჩხიკვაძე, გურამ საღარაძე, მერი მიქელაძე... პირველ სემესტრში მსახიობის ოსტატობას შოთა მესხი ასწავლიდა, მოგვიანებით კი დოდო ალექსიძე შემოვიდა და, თუ რამ ნაოჭებს დღეს ჩემს სახეზე ხედავთ, რამაზისა და დოდოს გასაოცარი ურთიერთობისა და ამ დღესასწაულისათვის თანმდევი სიცილის ბრალიაო - ხშირად ამბობდა ქალბატონი ლამზირა!
1952 წლის 12 თებერვლიდან ლ. ჩხეიძე რუსთაველის თეატრის დასში მიიღეს. პირველი როლი ყოფილი პედაგოგის, შოთა მესხის, მიერ დადგმულ ი. ვაკელის „რვალში“ მისცეს. ამ როლში მან ლეგენდარული ალექსანდა თოიძე შეცვალა. არც ახსოვს, სცენაზე როგორ დადიოდა, რა ითამაშა - კანკალებდა, მღელვარება დიდი იყო. მსახიობის არქივში ინახება შ. მესხის წერილი, რომელიც ამ სიტყვებით მთავრდება: გახსოვდეს, რისთვის შედიხარ სცენაზე!
რას არ გაუძლო ლამზირა ჩხეიძემ, რამდენ გარდაქმნასა და თეატრალურ ინტრიგას, მაგრამ არასდროს გარეულა დაპირისპირებებსა და სკანდალებში; თავისი გზით მიუყვებოდა ცხოვრებას, იყო სიხარული, ტკივილიც, მაგრამ მშობლიური რუსთაველის თეატრი მაინც ლამაზ ფერებად, დიდ მონატრებად რჩებოდა!
ვის არ ახსოვს კინოფილმი „მანანა“ (1958 წ.) და ენერგიული პიონერხელმძღვანელი, ამდენს რომ დარბოდა ეკრანზე. მერე იყო ფილმები: „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“ - 1967 წ; „მყუდრო სავანე“ - 1971 წ; „მე მოვედი“ - 1981წ; „ოცდაათი სანტიმეტრი ზღვის დონიდან“ - 1989 წ; „მარტივი პასიანსი“ – 1990 წ. 2014 წელს „პიონერფილმში“ გადაიღეს, მომღერალი ქალის როლი განასახიერა. მეტი შეეძლო, თუმცა კინომ ვერ აითვისა ბოლომდე ეს ნიჭი. ბოლოს კი ისევ კინოგადაღებაზე აღმოჩნდა - ოთარ იოსელიანმა ათამაშა ეპიზოდური როლი; შიგადაშიგ გაახსენდებოდათ და ტელესერიალებშიც გადაიღებდნენ. თავადაც სიხარულით სთანხმდებოდა.
მის ცხოვრებაში, თეატრთან ერთად, არსებობდა მეორე სიყვარული, თანაფარდი ამ გრძნობისა - რადიო, რომელიც ბავშვობიდანვე იტაცებდა, რაღაც იდუმალსა და მიუსაფარს თხზავდა მის ირგვლივ. რადიოს ხმა, მიკროფონი... ხაზის რადიოდან ფანტაზიათა ნიაღვარი მოედინებოდა და რას წარმოიდგენდა, თუ ოდესღაც თავად გახდებოდა ამ დღესასწაულის შემქმნელი.
ტექნოკრატიისა და მშრალი პრაგმატიზმის ეპოქაში, უსულგულობისა და სრული დეჰუმანიზაციის ხანაში ჩვენ გვერდით დადიოდა ამ ყოფისთვის, ალბათ, სრული ანაქრონიზმი, - სულით რომანტიკოსი, განცდისა და გარდასხვის თეატრალური ესთეტიკის შვილობილი, ცოცხლად დანთებული სიკეთე, მორიდებული, თავმდაბალი, მორცხვი, მაგრამ პრინციპულად ერთგული თავისი თეატრალური მრწამსისა და მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებისა. დადიოდა მსუბუქი ნაბიჯებით, თითქოს მიწას არც ეხებაო, დაფარფატებდა და თან დაჰქონდა რუსთაველის თეატრის რენესანსის სურნელი. ის იმ გუშინდელი დღის მსახიობი იყო, რომლის დაკარგვასაც განიცდის ყველა, ვისაც ენატრება დღესასწაული თეატრში, ვინც ჯერ კიდევ ვერ შეელია რომანტიკულს, მშვენიერსა და ამაღლებულს!
ახლა, როცა ქართული თეატრი თავის კეთილ ფერიას ემშვიდობება, უნებურად მახსენდება იაპონელი დრამატურგის, ძიუნძი კინოსიტას, „წეროს ფრთები“. ჩემთვის ქალბატონი ლამზირა ამ სპექტაკლის ზღაპრული პერსონაჟივით დარჩა, ნამდვილი ცინი, არაამქვეყნიური, ზეციდან ჩამოფრენილი, ჩვენ შორის მყოფი, თუმცა - არა ჩვენთან! ამიტომ ჟღერდა ცინის ეს სიტყვები, როგორც თხოვნა და გაფრთხილება, როგორც მისი ხასიათის თეორემა: „მიცქირე, როგორ გავხდი! ყველა ფრთა, რომლებიც კი გამაჩნდა, ამ ქსოვილზე დამეხარჯა. მხოლოდ იმდენი დავიტოვე, ასაფრენად რომ მყოფნოდა! იოჰიო, თავს მოუფრთხილდი, იყავი ჯანმრთელი და მხიარული!.. მაშ, ნუ დამივიწყებ, კარგი?!. ისევ უნდა დავბრუნდე ცაში, მშვიდობით!“
მშვიდობით, ქალბატონო ლამზირა! მადლობელი ვარ იმ 25-წლიანი ურთიერთობისათვის, იმ სიკეთისა და ერთგულებისთვის, ჩემთვის რომ არ იშურებდით... თქვენ უბრუნდებით ზეცას, რათა გაგვიმზადოთ ადგილი სიკეთეზე, მარადიულზე, მშვენიერსა და ამაღლებულზე სასაუბროდ და საცქერლად...
საბა მეტრეველი