დღეს, 8 დეკემბერს, "ქართული პარტიის" ლიდერები ევროპიდან დაბრუნდებიან. პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, თანათავმჯდომარე ლევან გაჩეჩილაძე, პარტიის გენერალური მდივანი კოკა გუნცაძე და პოლიტიკური მდივანი ეროსი კიწმარიშვილი ევროპაში რამდენიმე დღის წინ გაემგზავრნენ. მათ საფრანგეთიდან შეუერთდა პარტიის კიდევ ერთი თანათავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი.
ვიზიტის ფარგლებში "ქართულმა პარტიამ" ჟენევაში სტრატეგიული სესია გამართა, რომელზედაც დაიგეგმა და დამტკიცდა პარტიის მოკლევადიან და გრძელვადიან მოქმედებათა სტრატეგია.
პარტიის ლიდერებს ჰქონდათ შეხვედრა დონორებთან. გადაწყდა სპეციალური ფონდის შექმნა, რომელიც შეკრებს, გამოიძიებს და წიგნად გამოსცემს სააკაშვილის "დანაშაულებებს".
როგორც პარტიაში აცხადებენ, "სააკაშვილის დანაშაულობები ითარგმნება და მიეწოდება როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა ლიდერებს".
ვიზიტის სხვა დეტალებზე "ქართული პარტიის" ლიდერები სამშობლოში დაბრუნების შემდეგ თავად ისაუბრებენ.