ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ისინი თანახმა არიან, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზა აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ჩაატაროს.
"ჩვენ გვინდა, რომ სასამართლო პროცესები რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს. და კიდევ ერთი - ექსპერტიზის ჩატარება ხომ უნდათ. FBI მოიწვიონ და ჩაატარონ. უფრო მეტიც, იქ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას და დაიწყოს გამოძიება, ამაზე ვართ თანახმა". -ამბობს ხაჭაპურიძე.
ხაჭაპურიძემ ასევე თქვა, რომ კლინიკა ვივამედში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები დააწესეს.
"ახალი რეგულაციები დაგვახვედრეს. ამიერიდან, სააკაშვილის სანახავად მხოლოდ სპეციალური ეკიპირებით შეგვიშვებენ. ზოგადად, ამ ფორმით პატიმრის მონახულება მხოლოდ რამდენიმე თვე ხდებოდა და ისიც პანდემიის შუა პერიოდი რომ იყო, მე-6 იზოლატორში. სხვაგან მსგავსი არასოდეს არაფერი ყოფილა. ასევე, შაბათ-კვირას ადვოკატებს მასთან შესვლა აგვიკრძალეს. ოჯახს კი წერილები აუკრძალეს და წერილების გამოტანა მხოლოდ ადვოკატებს შეგვეძლება. რაც შეეხება ამ მასკარადს, ამაზეც მოვითხოვთ, რომ რა რეგულაციები, პრემიერმინისტრის მხრიდან მსგავსი რეგულაციები გაუქმებულია. ზედმეტი შოუს ელემენტებია და ამის უკან რაღაც დგას. რომ ვითომ სააკაშვილის მიმართ ძალიან დიდი მზრუნველობა მიდის და ა.შ. პანდემიის დროს არ მოუკლიათ ასე თავი". - თქვა ხაჭაპურიძემ კლინიკა ვივამედის დატოვების შემდეგ.