მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი, ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში შეხვედრებს გამართავს როგორც ქართული, აფხაზური და ოსური დიასპორის წარმომადგენლებთან, ისე რუსეთის ოფიციალურ პირებთან. ნოღაიდელის განცხადებით, რუსეთში მისი შეხვედრები 22 ნოემბერს დაიწყება და 27 ნოემბრამდე გაგრძელდება.
ნოღაიდელის განცხადებით, შეხვედრებს საქართველოს ხალხთა ასამბლეის პრეზიდენტი გოჩა ძასოხოვი ამზადებს და როგორც პირველი ვიზიტის დროს, 22-27 ნოემბერს რუსეთის დედაქალაქში გამართული ყველა შეხვედრაც "ღია და გამჭვირვალე" იქნება.
"მოსკოვში მივდივარ არა მოლაპარაკებებისთვის, არამედ სახალხო დიპლომატიის ჩარჩოებში ჩვენი პოზიციის ასახსნელად. მოლაპარაკებებს მაშინ გავმართავთ, როდესაც ხელისუფლებაში ვიქნებით და ხალხის ნდობის მანდატი გვექნება", _ აცხადებს ნოღაიდელი.
მისი თქმით, ის მოსკოვში გამართული შეხვედრის შედეგებს საქართველოში დაბრუნებისთანავე გააცნობს საზოგადოებას. ნოღაიდელი მოუწოდებს ხელისუფლებას, სხვა პოლიტიკურ ძალებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათაც გამოიყენონ სახალხო დიპლომატიის რესურსი.