2023 წლისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი, 2022 წლის დაზუსტებულ გეგმასთან შედარებით 10,1 %-ით გაიზარდა.
გაზრდილი ბიუჯეტი ითვალისწინებს სააგენტოს მიერ მონიტორინგის, პროგნოზირებისა და შეფასებების მიმართულებების გაძლიერებას. სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური მოვლენების დროული პროგნოზირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კატასტროფების რისკის შემცირებას, ასევე, მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მაქსიმალურ დაცვას.
როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაბინძურება. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტი ჰაერის დაბინძურების მუდმივი მონიტორინგის წარმოებაა, რისთვისაც სააგენტო აგრძელებს აქტიურ მუშაობას და მონიტორინგის ქსელის გაფართოებას.
აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვა სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და, ბოლო წლების განმავლობაში, ამ მიმართულებით ბიუჯეტი სტაბილურად მზარდია.