ბრაზილიაში, სომხეთსა და მექსიკაში საქართველოს ახალი სრულუფლებიანი ელჩები ჰყავს. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ბრაზილიაში საქართველოს ელჩად ოთარ ბერძენიშვილი 91 ხმით 1-ის წინააღმდეგ, მექსიკაში მალხაზ მიქელაძე 92 ხმით 0-ის წინააღმდეგ და სომხეთში ედპ-ის წევრს თენგიზ შარმანაშვილო 91 ხმით 0-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.
რაც შეეხება დანარჩენი 8 ელჩის კანდიდატურას, საქართველოს პარლამენტი მათ 10 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს, მანამდე კი, 8 დეკემბერს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის ერთობლივი სხდომაზე საკომიტეტო მოსმენას გაივლიან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 2011 წლიდან 11 ქვეყანაში ახალი ელჩი ეყოლება, კერძოდ: ბრაზილიაში - ოთარ ბერძენიშვილი; მექსიკაში მალხაზ მიქელაძე, შვედეთში - პოლონეთში საქართველოს ყოფილი ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე, ხოლო პოლონეთში სლოვაკეთის ყოფილი ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი; სლოვაკეთში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი; აზერბაიჯანში - თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც სტამბულში გენერალური კონსულის თანამდებობაზე მუშაობდა; ევროსაბჭოში ზურაბ ჭიაბერაშვილს თავისივე მოადგილე მამუკა ჟღენტი ჩაანაცვლებს, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილი ქვეყნის ინტერესებს უკვე შვეიცარიაში დაიცავს; გარდა ამისა, საქართველოს ახალი ელჩი ეყოლება პორტუგალიასა და ეგვიპტეშიც, სადაც, შესაბამისად, გოგა გორგილაძის და არჩილ ძულაშვილის კანდიდატურებია წარდგენილი. როტაცია შეეხება სომხეთის ელჩსაც. ამ თანამდებობაზე ედპ-ის წევრი თენგიზ შარმანაშვილი სახელდება, რომელიც ამ პოსტზე, ნინო კალანდაძის განმარტებით, თავად საქართველოს პრეზიდენტის მიერ შერჩეული კადრია.
რაც შეეხება აზერბაიჯანში ქვეყნის ელჩის ირაკლი ქავთარაძის უკან გამოწვევას, აღნიშნულს "საკანონმდებლო ორგანოში მისი საჭიროებით" ხსნიან.