საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული გენოციდის ფაქტები მართლმადიდებლური მრწამსის შებღალვისა და დაკნინების მცდელობაა. ამის შესახებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის სხდომაზე ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსმა, მეუფე დანიელმა აღნიშნა.
"ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის უდიდესი ნაწილი ქრისტიანულ რელიგიასთან და კულტურასთანაა დაკავშირებული. კულტურული მემკვიდრეობის გენოციდის ფაქტები ჩვენი მრწამსის, რელიგიის, სულიერი საზრდოს შებღალვის და დაკნინების გამოვლინებაა და ეს ფაქტები ყველა სამუშაო ჯგუფის მიერ უნდა იყოს გათვალისწინებული", - ბრძანა მეუფე დანიელმა.
მისი თქმით, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა და არა მხოლოდ ეთნიკური ქართველები მოკლებული არიან ქრისტიანულ ცხოვრებას, რაც საფრთხეს უქმნის მათ რელიგიურ მრწამსს, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოსახლეობას ათეისტიური მემკვიდრეობა აქვს და მართმადიდებლურ ცხოვრებას ახლა უბრუნდება.