ვფიქრობ, ჯობია ,,ნაციონალური მოძრაობა“ გადავიდეს იმ რეჟიმზე, რაც მანდატმა მიანიჭა - მოვიდნენ და იმუშაონ პარლამენტში, მონაწილეობა მიიღონ კანდიდატების შერჩევაში. ამის შესახებ ,,მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
როგორც იოსელიანი აცხადებს, აქციების თვალსაზრისით ,,ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი რესურსი არ გააჩნია.
დეპუტატი ,,საერთო ოპოზიციური ფრონტის“ თემასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარტია ,,მოქალაქეები“ ამაში მონაწილეობას არ მიიღებს.
,,ნაციონალური მოძრაობის“ მეგობარი პარტიები ვინ არიან, ეს ცნობილია, მათ შეიძლება ჰქონდეთ საერთო ფრონტი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ფრონტში არ ვიღებთ მონაწილეობას. რაც შეეხება იმას, თუ რისი რესურსი აქვთ, ვფიქრობ, რომ აქციების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი რესურსი მათ არ გააჩნიათ, ეს დაადასტურა ამ განვლილმა პერიოდმა, როდესაც დაანონსებული იყო ჯერ ცხელი გაზაფხული, შემდეგ ცხელი შემოდგომა. ვფიქრობ, ჯობია ისინი გადავიდნენ იმ რეჟიმზე, რაც მათ მანდატმა მიანიჭა, რაც გულისხმობს მოსმენაზე ყოფნას, კანდიდატების შერჩევას, პარლამენტში მუშაობას და საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებას, რაც მნიშვნელოვანია პოლიტიკური ცხოვრებისთვის“ _ განაცხადა ლევან იოსელიანმა.