ვფიქრობ, თუ მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს მის მომხრეებს, ისინი შეწყვეტენ შიმშილობას, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
იოსელიანის თქმით, ის პროტესტის გამოხატვის ასეთ ფორმას არ ეთანხმება.
,,ზოგადად, ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს შიმშილობის, როგორც პროტესტის ფორმის მიმართ. ამ შემთხვევაში ვისურვებდი, რომ მათმა ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდოს მათ, რომ შეწყვიტონ შიმშილობა და ის თუ ამას გააკეთებს, მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები შიმშილობას შეწყვეტენ. ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი.
არანაირი პოლიტიკური მიზანი არ ღირს იმად, რომ ადამიანებმა საკუთარი ჯანმრთელობა დაიზიანონ და საკუთარ თავს საფრთხე შეუქმნან. ასეთი პოლიტიკური მიზანი, ჩემი აზრით, არ არსებობს. ამიტომ მიხეილ სააკაშვილზეც არის პასუხისმგებლობა, რომ საკუთარ მომხრეებს ეს გადაწყვეტილება გადააფიქრებინოს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
მეხუთე დღეა ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პარლამენტში შიმშილობენ. მათი მოთხოვნაა დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა.