ჰოლივუდის მსახიობი, ანჯელინა ჯოლი ლტოლვილთა საკითხებში გაეროს კეთილი ნების ელჩის პოსტს ტოვებს. ინფორმაცია გაეროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„მადლობელი ვარ იმ პრივილეგიისა და შესაძლებლობისთვის, რაც მქონდა - მემუშავა UNHCR-ის გამოჩენილ და თავდადებულ საველე ოფიცერთან და სხვა კოლეგებთან, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ სხვათა სიცოცხლის გადასარჩენად და მემსახურა სპეციალური წარმომადგენლის პოზიციაზე.
მომავალ წლებში გავაგრძელებ ყველაფერს, ლტოლვილთა და სხვა დევნილთა მხარდასაჭერად. გაეროს სისტემაში მუშაობის 20 წლის შემდეგ, ვგრძნობ, რომ დროა ვიმუშაო სხვაგვარად, უშუალოდ ჩავერთო ლტოლვილებსა და ადგილობრივ ორგანიზაციებთან და მხარი დავუჭირო მათ გადაწყვეტილებს“, - თქვა ანჯელინდა ჯოლიმ.
გაეროს ოფიციალური გგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ანჯელინა ჯოლი გაეროში 2001 წლიდან მუშაობდა. კეთილი ნების ელჩად კი 2012 წელს დაინიშნა. გაეროს ინფორმაციით, ბოლო 21 წლის განმავლობაში მსახიობმა 60-ზე მეტ საველე მისიაში მიიღო მონაწილეობა.
„ლტოლვილთა უფლებების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მომხრე, ქალბატონი ჯოლი გააგრძელებს მუშაობას უფრო თანასწორი, სამართლიანი და ინკლუზიური საერთაშორისო სისტემის შესაქმნელად. იმ დროს, როდესაც მსოფლიო რთული, მრავალმხრივი და ურთიერთდაკავშირებული კრიზისების წინაშე დგას, ის გეგმავს აქტიურ მონაწილეობას ჰუმანიტარული საკითხების უფრო ფართო სპექტრზე. მისი პორტფელი კვლავაც მოიცავს ლტოლვილებს და იძულებით გადაადგილების საკითხებს“, - წერია ინფორმაციაში.