ტუბერკულოზზე მკურნალობა პენიტენციალურ სისტემაში ისეთივე ხელმისაწვდომია, როგორც ამის საშუალება საპატიმროს გარეთ მყოფ ნებისმიერ ადამიანს აქვს. ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა დღეს პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადების გამოხმაურებისას აღნიშნა.
"ტუბერკულოზს დიდი ყურადღება ექცევა პენიტენციალურ სისტემაში და ეს არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მსოფლიოს პრობლემაა. რაც შეეხება მკურნალობის ხელმისაწვდომობას, დღეისთვის გვაქვს ძალიან კარგი ცენტრი და ახალი სამედიცინო ცენტრი გლდანში უახლეს მომავალში კიდევ გაიხსნება, ამიტომ არ უნდა გამოგვივიდეს ისე, რომ ადამიანს დარჩეს შთაბეჭდილება, თითქოს ამ კუთხით არაფერი კეთდება", - აღნიშნა წერეთელმა.
ვიცე-სპიკერმა ზოგადი ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტზე მთავრობას დროულად დასკვნის მომზადება ითხოვა, რადგან მისი მიღება კიდევ უფრო გაააქტიურებს ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლას.