რამდენიმე დღეა, რაც ნავთობის ფასები სტაბილურად იზრდება. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ნავთობის ფასების მატება სხვადასხვა ფაქტორითა განპირობებული.
"მათ შორის, დოლარის დაცემა ევროსთან მიმართებაში; მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარების შესახებ პროგნოზები (ძირითადად ამერიკაში, ჩინეთსა და აზიურ ქვეყნებში); უპრეცედენტოდ ცივი ზამთარი ევროპაში, რომელმაც ნავთობის მოხმარების ზრდა გამოიწვია", - აცხადებს მთვრალაშვილი.
დღეისთვის ნავთობის მსოფლიო ფასები შეადგენს: ლონდონში InterContinental Exchange Futures Europe-ze (IСE Futures Europe) - Brent ტიპის ნავთობის ფასი - 91.45 დოლარს/ბარელზე; ნიუ-იორკში ე. წ. York Mercantile Exchange -ზე - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი 89.38 დოლარს/ბარელზე. აღნიშნული ფასები ბოლო 26 თვის განმავლობაში რეკორდულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
რაც შეეხება საერთაშორისო ფასებს Platt's -ის მიხედვით, რომლითაც ხორციელდება საქართველოში საწვავის იმპორტი, ბოლო დღეების განმავლობაში ფიქსირდება ბენზინისა და დიზელის საწვავის საერთაშორისო ფასების მნიშვნელოვანი მატება. კერძოდ, 2010 წლის 5 დეკემბრის მდგომარეობით ბენზინის ფასი შეადგენს 831 დოლარს/ტონაზე, ხოლო დიზელის საწვავის ფასი - 754.50 დოლარს/ტონაზე.
რაც შეეხება საქართველოში არსებულ ვითარებას, დღეისათვის ჩვენი ქვეყნის საცალო ქსელში საწვავის ფასები შეადგენს: სუპერი ტიპის ბენზინი - 2,00 - 2.05 ლარი/ლიტრაზე; პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,95 - 2.00 ლარი/ლიტრაზე; ევრო რეგულარი ტიპის ბენზინი - 1,85 - 1,90 ლარი/ლიტრაზე; რეგულარი ტიპის ბენზინი - 1,80 - 1,85 ლარი/ლიტრაზე; ევრო დიზელი - 1,95 - 2.00 ლარი/ლიტრაზე; დიზელი (ლ-62) - 1,80 - 1,85 ლარი/ლიტრაზე.