ოფიციალური თბილისი ცხინვალთან ახლოს "სმერჩის" რეაქტიული სისტემით შეიარაღებული არტილერიის დივიზიონის განლაგებას "აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებად" აფასებს.
"ზალპური ცეცხლის "სმერჩის" ტიპის სისტემების ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განლაგება წარმოადგენს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული იმ აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგაა მიმართული და საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას არა მხოლოდ კავკასიის, არამედ მთლიანად შავიზღვისპირეთის რეგიონში", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ვაშაძის უწყების შეფასებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გამალებული მილიტარიზაცია ნათელყოფს, რომ ეუთოსა და გაეროს სადამკვირვებლო მისიების საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან განდევნისა და ამ ტერიტორიებზე ევროკავშირის დამკვირვებლების არდაშვების მიზანი იყო სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მონიტორინგისა და კონტროლის თავიდან აცილება.
"ამავე კონტექსტშია განსახილველი რუსეთის ფედერალური და რეგიონალური ხელისუფლების მაღალჩინოსნების სრულიად უსაფუძვლო და ცილისმწამებლური ბრალდებები თითქოს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთს ემუქრება ტერორისტული საფრთხე. მსგავსი განცხადებებისა და ოკუპირებული ტერიტორიების გამალებული მილიტარიზაციის ფონზე რუსეთის მხრიდან მომდინარე სამხედრო საფრთხის ალბათობა მკვეთრად მატულობს. ამგვარი "ასიმეტრიული" ქმედებებით პასუხობს რუსეთი საქართველოს პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივას და ქართული მხარის განცხადებას ძალის არგამოყენების შესახებ, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებრიობამ ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი", - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასა და პროვოკაციულ ქმედებებს და გააქტიუროს ძალისხმევა, რათა აიძულოს რუსეთი შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება და მოახდინოს საქართველოს ტერიტორიის სრული და დაუყოვნებელი დეოკუპაცია.
3 დეკემბერს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის ე. წ. მეოთხე სამხედრო ბაზაზე შეყვანილი იქნა დამატებითი ცოცხალი ძალა, რომელთაც გადაეცათ ახალი შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა. სამხრეთის ფედერალური ოლქის ძალოვანი სტრუქტურების წყაროზე დაყრდნობით, რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა 6 დეკემბერს გაავრცელეს ცნობა, რომლის თანახმადაც, ცხინვალთან ახლოს განლაგებულ იქნა "სმერჩის" რეაქტიული სისტემით შეიარაღებული არტილერიის დივიზიონი. აღსანიშნავია, რომ ამ შეტევითი საარტილერიო სისტემის მოქმედების არეალი მოიცავს 70-იდან 90 კმ-მდე დისტანციას.
განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ აღნიშნული ტიპის სისტემები მოქცეულია ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებით დადგენილ შეზღუდვებში.