"არტისა" და "პრიზას" ერთ-ერთი დამფუძნებელი გურამ გოგუა თურქეთის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საზოგადოებრივი მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" პრესსამსახურიდან აცნობეს.
"თურქეთის სასამართლომ არ დააკმაყოფილა გოგუას საქართველოში ექსტრადაციის თაობაზე ქართული მხარის მოთხოვნა. მეტიც, სასამართლომ ის უდანაშაულოდ ცნო და პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო", - აცხადებენ ეკა ბესელიას ორგანიზაციაში.
შეგახსენებთ, რომ ქართულმა ოპოზიციამ გურამ გოგუა პოლპატიმრების სიაში შეიტანა. იგი თურქეთში საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე დააპატიმრეს.
გოგუა "არტი ჯგუფის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ბიზნესპარტნიორი იყო, რომელიც პირველად 2007 წლის შემოდგომაზე, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. მოგვიანებით გოგუა ოქრუაშვილთან ერთად გაათავისუფლეს, თუმცა ოქრუაშვილის წინააღმდეგ საქმის განახლების პარალელურად საქმის წარმოება გოგუას წინააღმდეგაც განახლდა. გოგუა ხალვაშის ბიზნესკომპანიების "არტისა" და "პრიზას" ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. მას საგადასახადო დარღვევებსა და ბიუჯეტისათვის ზიანის მიყენებაში სდებენ ბრალს.
აღსანიშნავია, რომ ეკა ბესელიას ორგანიზაციამ თურქეთის მთავრობას შუამდგომლობა გაუგზავნა და გოგუას პატიმრობიდან გათავისუფლება და მისთვის პოლიტიკური თავშესაფრის სტატუსის მინიჭება ითხოვა.
"სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" მიიჩნევდა, რომ გოგუას სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული, რის გამოც მისი საქართველოში ექსტრადიცია არ უნდა მომხდარიყო.