ჩინეთი და რუსეთი ბირთვულ არსენალს აფართოებენ, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა აშშ-ის სტრატეგიული სარდლობის ახალი ხელმძღვანელის, ენტონი კოტონის დანიშვნის ცერემონიალზე ისაუბრა.
ოსტინის თქმით, Stratcom-ს ახლო მომავალში გამოწვევები ელის, რაც თავდაცვის მინისტრის თქმით, მოიცავს რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან ბირთვული არსენალის ზრდას გათანამედროვებას და გამრავალფეროვნებას.
"აშშ ახალი ფაზის პირასაა - ფაზის, სადაც პირველად ისტორიაში, ჩვენ ვხვდებით 2 დიდ ბირთვულ ძალას, როგორც სტრატეგიულ მეტოქეს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა აფართოებს, ათანამედროვებს და ამრავალფეროვნებს ბირთვულ ძალებს. და რუსეთი ასევე ათანამედროვებს და აფართოებს საკუთარ ბირთვულ არსენალს“ - განაცხადა ოსტინმა.
თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ "Stratcom-ის მისიაა, იყონ ამერიკის ბირთვული არსენალის პასუხისმგებელი მცველები".
„როცა კრემლი აგრძელებს მის ბოროტ და არაპროვოცირებულ, არჩევით ომს უკრაინის წინააღმდეგ, მთელმა მსოფლიომ ნახა პუტინის ჩართულობა უპასუხისმგებლო ბირთვული ომის პროპაგანდაში.
ამიტომ შეცდომა არ დაუშვათ. ხელისუფლებას აქვს ღრმა პასუხისმგებლობა, რომ აირიდოს პროვოკაციული ქცევა და შეამციროს გავრცელების რისკები, აირიდოს თავიდან ესკალაცია და ბირთვული ომი“ - განაცხადა ოსტინმა.
ამერიკელი მეცნიერების ფედერაციის (FAS) 2022 წლის მონაცემებით, რუსეთს მსოფლიოში ბირთვული იარაღის უდიდესი არსენალი აქვს - 6 000-მდე რაკეტა. მეორე ადგილზე კი შეერთებული შტატებია 5400-ზე მეტი რაკეტით. FAS-ის ცნობით, რუსეთი და აშშ ჯამში მსოფლიოში არსებული ბირთვული იარაღის 90%-ს ფლობენ.