პოლიტოლოგ ირაკლი სესიაშვილის აზრით, თბილისში მდებარე აშშ-ის საელჩოსთან მომხდარი აფეთქების უკან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერლის ყოფნა "უსერიოზულესი საერთაშორისო სკანდალია", რაზეც მოსკოვს ვაშინგტონისთვის განმარტების გაკეთება მოუწევს.
"ცხადია, ეს არის სერიოზული სკანდალი, ერთ-ერთი უსერიოზულესი, რადგან რუსეთმა ტერორისტული აქტი მოუწყო აშშ-ს საელჩოს. მართალია ამას ზიანი არ მოჰყოლია, მაგრამ ფაქტი უკვე მეტყველებს იმაზე, რომ მოსკოვმა სერიოზული შეცდომა დაუშვა. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გახსნილი ეს საქმე საერთაშორისო სკანდალად იქცა, რუსეთის შეერთებული შტატებისთვის პასუხისგაცემა მოუწევს", - განუცხადა სესიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე განმარტებით, საქართველოში ბოლო პერიოდში მომხდარი აფეთქებების საქმის გახსნა, რომლის უკანაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალი ევგენი ბორისოვი აღმოჩნდა, თავად ფსბ-ს სისუსტეზე არ მიუთითებს.
"ასეთი დასკვნის გამოტანა არასწორია, რამდენადაც არ ვიცით რამდენი წარმატებული პროექტი ჰქონდა ფსბ-ს საქართველოში, მით უმეტეს, რომ ომის დროსაც გამოჩნდა, რუსეთს საქართველოს გეგმებთან დაკავშირებით სერიოზული ინფორმაცია რომ ჰქონდა. ასე რომ, შედეგების თვალსაზრისით ჯერ წაგებულები ჩვენ ვართ", - განმარტავს პოლიტოლოგი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში სექტემბერ-ნოემრის თვეში განხორციელებული აფეთქებები გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აფეთქებების სერიის ორგანიზებაში, შესრულებასა და ხელშეწყობაში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს.
დაკავებულები არიან გოგიტა არქანია (აფეთქებების შემსრულებელი, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე), ჯონი აბულაძე (თანამონაწილე, ასაფეთქებელი ნივთიერებების შემნახველი და გადამზიდავი), მარიამ ნიკოლავა (თანამონაწილე, ასაფეთქებელი ნივთიერებების შემნახველი და გადამზიდავი), გოჩა ხურცილავა (თანამონაწილე, ასრულებდა მძღოლის ფუნქციას), გოდერძი არქანია (თანამონაწილე) და ლელა ხურცილავა (თანამონაწილე).
ამავდროულად, იძებნებიან ამჟამად ოკუპირებულ გალის რაიონში მყოფი: მერაბ ყოლბაია, მეტსახელად '"კოჭოია" (აფეთქებების ორგანიზატორი და შემსრულებელი) და მუხრან ცხადაია (აფეთქებების ორგანიზატორი და შემსრულებელი -2003 წლიდან იძებნება ადამიანის გატაცებისათვის).
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არქანიასა და ყოლბაიას თანამზრახველის ჯონი აბულაძის სახლში აღმოაჩინა: 13 ერთეული ასაფეთქებელი მოწყობილობა, მათ შორის: ჰექსოგენით სავსე 9 ქილა, რომელთაგანაც 4 ქილაში ლურსმნები იყო გარეული, ხოლო 1 ქილაში _ ტყვიის გულები. სულ ამოღებულია 10 კგ. ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი.
როგორც ცნობილია, სექტემბერ-ნოემბრის თვეში აფეთქებები მოხდა თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩის #88-ში მდებარე "ლეიბორისტული პარტიის~ ცენტრალურ ოფისთან, რის შედეგადაც დაიღუპა ადგილობრივი მცხოვრები ნინო გორდეზიანი, მუხიანის პირველ მიკრორაიონში, ნონეშვილის ქუჩის #13-ში მდებარე სუპერმარკეტთან, თბილისში, აშშ-ის საელჩოს სიახლოვეს, ასევე ორი აფეთქება განხორციელდა თბილისის რკინიგზის სადგურთან და ხობის რაიონის სოფ. ჭალადიდთან სარკინიგზო ხიდზე.