საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილი სხვა კლინიკაში გადაიყვანონ.
როგორც ხაჭაპურიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, სააკაშვილის მდგომარეობა ბოლო დღეებში განსაკუთრებით დამძიმდა.
„დროზე უნდა ჩაინიშნოს პროცესი, ვადა მოსამართლეს არ აქვს დადგენილი. არ გამოვრიცხავ, ამ კვირაში ჩაინიშნოს. სამი დღეა, მივმართეთ სასამართლოს. საგამოძიებო სამსახურმა გუშინ აიღო ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის, არასწორი მეთოდოლოგიით ანალიზი. რომელი საუკუნეა, სისხლის და შარდის ანალიზით ტოქსიკოლოგია აღარ დგინდება, წაიკითხონ წამყვანი სახელმწიფოს გაიდლაინები. ეგ იყო საბჭოთა კავშირის დროს და მაშინაც ვერ ადგენდნენ.
არ გამოვრიცხავ, სააკაშვილი სხვა კლინიკაში გადაიყვანონ. ჩვენ გვინდა საზღვარგარეთ, მაგრამ ამისთვის პროცესია ჩასატარებელი, პროცესამდე კი რეანიმაციულ განყოფილებაში უნდა გადაიყვანონ. ბოლო სამი დღეა, განსაკუთრებულად დამძიმდა. არ ვიცი, რა უნდა გააკეთონ, შეიყვანონ კიდევ ექიმები, ნახონ კონსილიუმი. ექსპერტების პოზიცია ვიცით, რომ გადასაყვანია მრავალპროფილურ კლინიკაში, ევროპაში ან ამერიკაში. არსებობს სპეციალური თვითმფრინავები და ტექნიკა. მე ერთი ვიცი, სასამართლომ თუ უარი უთხრა სასჯელის გადავადებაზე ან სასჯელისგან გათავისუფლებაზე, აქ მოკვდება, დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა უფლებადამცველებმა სასამართლოს 1-ელ დეკემბერს მიმართეს.