„ნაციონალური მოძრაობა“ თავის არსებობას ასრულებს. პარტიამ ფიასკო, სრული კრახი განიცადა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფიასკო, სრული კრახი განიცადა, რადგან ბოლო წლების განმავლობაში მათ მიერ დაშვებული უზარმაზარი შეცდომები დაგროვდა და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, რამაც, პრაქტიკულად, ამ პოლიტიკურ ძალას ეგზისტენციალური პრობლემები გაუჩინა. „ნაციონალური მოძრაობა“ თავის არსებობას ასრულებს. სადმე შეიძლება, რაღაც ფორმით სახელწოდება შენარჩუნდეს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ასეთი, ბოლო პროცესების შემდეგ ქართულ პოლიტიკაში, უბრალოდ, აღარ იარსებებს. ცდილობენ, მთავარი ტრაგედია, რაც სჭირთ, შენიღბონ და სხვა საკითხებზე აქცენტის გადატანით ეს ყველაფერი დამალონ, მაგრამ ჭირი თავს არ დამალავს. ამ მავნე პოლიტიკური სუბიექტის აღსასრულს ვადევნებთ თვალს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.