დავით აღმაშენებლის სახელობის ლიტერატურული პრემიის გადაცემის ცერემონიალი 8 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის საქართველოს ფილიალის თავმჯდომარემ ნანა ჭყოიძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, პრემია ლიტერატურის დარგში გაიცემა, რა მიზნითაც შესაბამისი კონკურსი უკვე გამოცხადებულია.
"ჩვენთან უკვე შემოვიდა რამდენიმე ძალიან საინტერესო ნაწარმოები, მათ შორის ელიზბარ ჯაველიძის, ჯემალ აჯიაშვილისა და სხვების. კიდევ უამრავს ველოდებით, თუმცა ამ ეტაპზე სხვების ვინაობას არ დავასახელებ. ჩვენი წესდების თანახმად, პირველი პრემია დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, 8 თებერვალს გაიცემა", - განუცხადა ჭყოიძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
შეგახსენებთ, რომ დავით აღმაშენებლის სახელობის ლიტერატურული პრემია რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის, საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის პრეიდენტის ალექსანდრე ებრალიძის ინიციატივით დაფუძნდა. ალექსანდრე ებრალიძემ ანალოგიური "ალექსანდრე ნეველის სახელობის ისტორიულ-ლიტერატურული პრემია" - 5 წლის წინ რუსეთშიც დსაწესა.
იმის მიუხედავად, რომ პრემიის მოცულობის შესახებ ჯერჯერობით, ოფიციალური განმარტებები არ გაკეთებულია, სავარაუდოდ, ლიტერატურული პრემიის საპროზო ფონდი ასი ათასი ლარი იქნება. I პრემია _ 50 ათასი ლარი, II-პრემია _ 30 ათასი ლარი, III პრემია _ 20 ათასი ლარი. ასევე უცნობია 8 თებერვალს, პრემიის გადაცემის ცერემონიალს დაესწრება თუ არა მისი დამფუძნებელი.
დავით აღმაშენებლის პრემია 13 ნოემბერს დაფუძნდა.