ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის დაზიანების დონეზე დასკვნა უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში და დიდი იმედი მაქვს, ამ შეთხვევაში სასამართლო იქნება მოწოდების სიმაღლეზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხთან დაკავშირებით ყურადღებით არის.
„რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობას, მე არაერთხელ მითქვამს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ყოველდღიურად დიდი ყურადღებით ვარ. მივიჩნევ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნის რეპუტაციისა და ღირსებისთვის. ჩემი ადმინისტრაციის წარმომადგენლები რეგულარულად ხვდებიან სხვადასხვა კონსილიუმის, მათ შორის „ემპათიის“ წარმომადგენლებს. დღესაც არის ჩანიშნული ასეთი შეხვედრა. არაერთხელ მითქვამს საზღვარგარეთაც და დახურულ შეხვედრებზეც – არც ვარ ექსპერტი და არ მაქვს ინფორმაცია, რა დონეზეა დაზიანებული ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა. დასკვნა უნდა დადონ, ვისაც ეს ევალება. სწორად მიმაჩნია, რომ დასკვნა წარდგენილი იყოს სასამართლოში და სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტს ჯანმრთელობის საკითხს, თუ ამ დონეზეა დაზიანებული მისი ჯანმრთელობა და იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ არის. მეორე საკითხსაც გადაწყვეტს – სასამართლო მოგცემს გარანტიას, რომ არის დამოუკიდებელი, რაც იქნება ქვეყნისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი. ალბათ ვექილების ვალდებულებაა, რომ შეიტანონ სასამართლოში დასკვნა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, თუ იქნება დასკვნა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მართლა ძალიან ცუდად, მისი საზღვარგარეთ გადაყვანა მიგაჩნიათ თუ არა რეალურად, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს იქნება სწორი გზა.
„ეს არის სწორი გზა. ჩვენი კანონმდებლობით სხვა გზა არ არსებობს, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია კონსილიუმზე. მათი დასკვნა უნდა იყოს ძალიან მკაფიო და ეს უნდა იყოს ვექილების მიერ წარდგენილი სასამართლოში. დიდი იმედი მაქვს, ამ შეთხვევაში სასამართლო იქნება მოწოდების სიმაღლეზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.