არასამთავრობო ორგანიზაციამ "საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველომ" გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით "სატელევიზიო სივრცე საქართველოში - მფლობელები, მაკონტროლებლები და საკანონმდებლო გარემო".
ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ დღეს საქართველოს სატელევიზიო სივრცე ნაკლებად დამოუკიდებელია, ვიდრე ის 2003 წლის "ვარდების რევოლუციამდე~ და პრეზიდენტ შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლამდე იყო.
ანგარიშის ავტორთა განცხადებით, საქართველოს სამაუწყებლო სფეროს რეგულირების მოქმედი სისტემა მედიის მფლობელთა გამჭვირვალობას და კონკურენტუნარიანი სატელევიზიო ბაზრის შექმნას ვერ უზრუნველყოფს.
"როგორც კვლევამ ცხადყო, საქართველოს სამაუწყებლო სფეროს რეგულირების მოქმედი სისტემა მედიის მფლობელთა გამჭვირვალობას და კონკურენტუნარიანი, პლურალისტური სატელევიზიო ბაზრის შექმნას ვერ უზრუნველყოფს, თუმცა ამ პრობლემის გადაჭრა მაუწყებლობის შესახებ კანონში შესწორებების შეტანის გზით ადვილად არის შესაძლებელი. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მეტ ინფორმაციას ფლობდეს სამაუწყებლო ლიცენზიების მქონე კომპანიების აქციონერებზე და რომ ეს ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს", _ ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის ავტორებს მიაჩნიათ, რომ მარეგულირებელი კომისია, მისი წევრებისა და ხელმძღვანელის დანიშვნის წესის გათვალისწინებით, დღესდღეობით ბოლომდე დამოუკიდებელი ორგანო არ არის და საჭიროა მისი დეპოლიტიზაცია.