დღეს, ხვალ, ევროკავშირის გადაწყვეტილება უფრო სტრატეგიული უნდა იყოს, ვიდრე ფორმალურ კრიტერიუმზე დაფუძნებული. დემოკრატიული რეფორმები გვერდით არ უნდა გადავდოთ, მაგრამ ვფიქრობ, ამ მომენტში მთავარია სტრატეგიული საკითხი და რუსეთისთვის საქართველოს შესახებ არასწორი გზავნილის მიცემის რისკები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ბიბისის“ გადაცემა „ჰარდთოქში“ განაცხადა.
ევროკავშირის მიერ ივნისში კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დასმულ კითხვაზე, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ იმედგაცრუებული იყო.
„საქართველოს მოსახლეობა იმედგაცრუებული იყო, მაგრამ ამავდროულად, ვფიქრობ, გავიგე – ჩვენ გავიგეთ, რომ იყო უკრაინის კონკრეტული სიტუაცია. უკრაინამ მიგვიყვანა იქ, სადაც ვართ – ევროპულ პერსპექტივასთან და კანდიდატის სტატუსის კართან, რომელიც ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობის ამ ეტაპზე არ იყოს მოსალოდნელი. ნათელია, რომ მას კავშირი აქვს უკრაინისა და მოლდოვის პოლიტიკურ-სამხედრო სიტუაციასთან და მგრძნობელობასთან. და შესაძლოა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჩვენმა პოზიციებმა გარკვეულ ევროპულ რეკომენდაციებთან და შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით, (რომელზეც ჩვენ შევთანხმდით), ვერ შექმნა ის პირობები, რომლითაც [კანდიდატის სტატუსის] მინიჭება შესაძლებელი იქნებოდა. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, მთავარია – ახლა ევროკავშირის 12 რეკომენდაცია გვაქვს. ვფიქრობ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელს საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რომელიც წევრობას არ გულისხმობს. ჩვენ სხვა კრიტერიუმები გვექნება, უფრო მეტი შესასრულებელი, მეტი რეფორმები გასატარებელი. მაგრამ სტრატეგიული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა თქვას, რომ საქართველო ამ ტრიოს ნაწილია, რომელიც ჩვენ შევქმენით და არა მის გარეთ მყოფი, რომელიც შესაძლოა, მიმზიდველი იყოს რუსეთისთვის, რათა თავისი თამაში აწარმოოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.