„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ჩალაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას ხსნის.
ჩალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის საკითხი არის ერთადერთი, რაზეც სრული კონცენტრირებაა საჭირო.
„საჭიროა ერთად დასხდომა და საუბარი. ეს საქმე უნდა დაწყებულიყო გასულ წელს, 3 ოქტომბერს. პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი არის ერთადერთი, რაზეც სრული კონცენტრირებაა საჭირო. შესაბამისად, ჩემთვის ყველაფერი სხვა არის მეორეხარისხოვანი. დღეს ლევან ხაბეიშვილის გამოსვლას ვუსმინე, შეხვედრებზე ვიყავი და სამწუხაროდ, ვერ შევძელი მასთან პირადად საუბარი. საჭიროა, დასხდნენ ერთად. მინდა, ვთქვა, რომ ვხსნი ჩემს კანდიდატურას. მე აღარ დავაყენებ არჩევნებზე ჩემს კანდიდატურას, მაგრამ აქვე აღვნიშნავ, არანაირი შტაბების ფორმალური გაფორმება, სტრუქტურული ერთეულები ან სხვა რამე არ არის საჭირო, უნდა იყოს ფართო კონსენსუსი. ჩვენ გვჭირდება პროცესი პრეზიდენტ სააკაშვილისთვის და არა სხვისთვის. ძალიან მოვუწონებ და ვიღებ ამ ნათქვამს ისე, როგორც არის ზუსტად ის, რაც დავასახელე, ჩვენი ხალხის, პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერების, ჩვენი ქვეყნის ერთგული ხალხის სურვილი. იმედი მაქვს, რომ პარტია და ყველა სხვა დანარჩენი რესურსი ამომიდგება მხარში, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ერთად გადავარჩინოთ. შესაბამისად, ვხსნი საჯაროდ ჩემს კანდიდატურას“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.
კითხვაზე, დაუჭერთ თუ არა მხარს ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას, ჩალაძე პასუხობს: „მოვუწონებ ძალიან და საინტერესოა. ლევანმა თქვა ზუსტად ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში უნდა ყოფილიყო ნათქვამი. მიმაჩნია, რომ ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა არაეფექტური მუშაობა და დიდი იმედი მაქვს, რომ ვიხილავ ეფექტურ, შედეგისმომცემ საქმიანობას და ამის შემდეგ პირველი, რასაც გავაკეთებთ, დავსხდებით ერთად. მე არ ვარ პარტიის წევრი, შესაბამისად, ხმის მიცემის უფლება არ მექნება, მაგრამ ვიმეორებ, ცალსახად დადებითად საინტერესო და ჩემთვის მოსაწონია“.
გიორგი ჩალაძემ 11 ნოემბერს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენდა.