ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი ჩალაძემ პარტიის თავმჯდომარეობისთვის საკუთარი კანდიდატურა დააყენა. ჩალაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ის მზადაა, ენმ-ს ამომრჩევლებთან ერთად, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლა ბოლომდე მიიყვანოს.
"პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს. დრო არ ითმენს. საჭიროა ეფექტური მოქმედება შედეგით - მიშას თავისუფლება. ფაქტია, დღემდე ეს ვერ მოხერხდა. ისიც ფაქტია, რომ შესაძლებელის გაკეთება საკმარისი არ არის. მოკლე დროში შედეგის დადება სასიცოცხლოდ აუცილებელია - მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება. წარსულზე დროის დაკარგვას არ ვაპირებ, მას ვერ შევცვლი. მაგრამ, შეგვიძლია, მომავალი ერთად შევქმნათ. ამისთვის კი თავდადებასთან ერთად უმძიმესი შრომა, უდიდესი პასუხისმგებლობა, თანმიმდევრული, ორგანიზებული და სისტემური მოქმედებაა საჭირო. პარტია არის ის ინსტრუმენტი, რომელიც ამ ბრძოლაში შეუცვლელია. მზად ვარ, პასუხისმგებლობა ავიღო და ჩვენს ერთგულ, მებრძოლ და უღალატო ამომრჩეველთან ერთად ბრძოლა ბოლომდე მივიყვანო, რომელიც მიშას გათავისუფლებით დასრულდება. ამ საერთო მიზნის მისაღწევად, მე ყველა თქვენგანის დახმარება მჭირდება. ხალხის ძალა, იდეის ერთგულება და სიმამაცე, ეს ყველაფერი ერთად არის გამარჯვების ფორმულა. ამიტომ, მე დავაყენებ ჩემს კანდიდატურას არჩევნებში, რომელიც უნდა ჩატარდეს ჩვენს გაუტეხელ ამომრჩევლებს შორის აქ და ემიგრაციაში, იმ წესებითა და პირობებით, რომელიც ხალხის ნებას უტყუარად ასახავს. მჯერა, პარტიის პოლიტსაბჭო ამას უზრუნველყოფს. დრო არ ითმენს. საჭიროა დაუყოვნებლივ კოორდინირებული მოქმედება როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთ. მიშა უნდა გათავისუფლდეს. ჩემთვის ეს არის პროექტი - თავისუფლება მიშას. მჯერა, ამ საქმეში ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ"- წერს ჩალაძე.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრთა ნაწილი შიდაპარტიულ არჩევნებს და თავჯდომარის ხელახლა არჩევას ითხოვს. ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, ირაკლი ნადირაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გუშინ, 9 ნოემბერს ისაუბრა. ენმ-ს წევრთა ნაწილი თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების იდეას დაეთანხმა და თქვა, რომ პარტიას "დამატებითი ლეგიტიმაცია სჭირდება", ნაწილის აზრით, შიდაპარტიულ თემაზე ბრიფინგის ჩატარება და მოთხოვნის ეს ფორმა "უცნაური და დასანანია", ენმ-ში კი ახლა "რაღაც თანამდებობაზე" ლაპარაკის დრო არ არის. წევრები ამბობენ, რომ პარტიაში რამდენიმე კვირის განმავლობაში ინტენსიურად მიდის საორგანიზაციო და გეგმებთან დაკავშირებით შეხვედრები, თუ როგორ უნდა გააგრძელონ საქმიანობა.