რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი საქართველოში იტალიის ელჩს ვიტორიო სანდალს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ იაკობაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დეოკუპაციასა და ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობას შეეხო.
"ამასთან ელჩს დეტალურად გავაცანით ის სტრატეგია, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ჩვენი უწყება ამუშავებს და ვთხოვეთ, დახმარება როგორც მის შემუშავებაში, ისე განხორციელებაში. იტალიის ელჩმა პირობა მოგვცა, რომ მისი ქვეყანა აუცილებლად დაგვეხმარება, ამასთან ვფიქრობთ, რომ იტალია იქნება ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსახორციელებელ პროექტებს დააფინანსებს", - განაცხადა იაკობაშვილმა.
მისი განმარტებით, აღნიშნულის გარდა, მან იტალიის ელჩს მიაწოდა ინფორმაცია სოფელ ტირძნისიდან გატაცებულ ოზარდებთან დაკავშირებით და როგორც ყველა ისიც მიიჩნევს, რომ ბავშვები უკანონოდ არიან დაპატიმრებულნი.
"ეს ბავშვები დიდი ხანია საკუთარ სახლებში უნდა იყვნენ. ეს ასეც იქნება, მაგრამ ყველა გასული დღე და გაჭიმული დრო ოკუპანტების წინააღმდეგ მოქმედებს" - განმარტა მან.