პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე, მთავრობისგან გენმოდიფიცირებული პროდუქტის შემოტანის, განთავსებისა და მარკირების შესახებ კანონპროექტის შემუშავების დაგვიანებაზე ახსნა-განმარტებას ითხოვს.
აღნიშნული საკითხი ბაქრაძემ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე მას შემდეგ დააყენა, რაც საპარლამენტო ფრაქციის "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა გია თორთლაძემ მას შეახსენა, რომ მინისტრთა კაბინეტი ვალდებულებას არ ასრულებს და კანონპროექტის შემოტანის ვადა უკვე სამი თვით დაარღვია.
თორთლაძის განმარტებით, 2010 წლის 26 მარტის პარლამენტის დადგენილებით მთავრობა ვალდებული იყო ექვსი თვის განმავლობაში გენმოდიფიცირებულ პროდუქტებთან დაკავშირებით კანონპროექტი მოემზადებინა და პარლამენტში განსახილველად შემოეტანა.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნული კანონპროექტთან დაკავშირებით წერილობითი განმარტების მომზადება მთავრობის საპარლამენტო მდივანს გია ხუროშვილს დაავლა.
როგორც ხუროშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განმარტა, საქართველოს მთავრობა ახორცილებდა კონსულტაციებს ევროკავშირთან ერთიანი სტრატეგიის დამტკიცებასთან დაკავშირებით, მათ შორის ერთ-ერთი საკითხი იყო გენმოდიფიცირებასთან დაკავშირებული.
"კონსულტაციების დასრულების შემდეგ მთავრობაში ახლა შიდაუწყებრივი ექსპერტიზა მიმდინარეობს კანონპროექტის, რომელიც მომზადდება დარგობრივი სამინისტროების კომპეტენციის და მათი შენიშვნების გათვალისწინებით და წარმოდგენილი იქნება სრულყოფილად მომზადებული კანონპროექტი", - აღნიშნა ხუროშვილმა.
კანონპროექტის პარლამენტში შესვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.