შეერთებული შტატები რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გამო, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დამატებით სანქციების დაწესებას განიხილავს. ამის შესახებ ბრიფინგზე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
„ისევე, როგორც ჩვენ ვიყენებთ და მომავალშიც გამოვიყენებთ ირანის მიერ რუსეთისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგ ყველა ინსტრუმენტს, იგივეს გავაკეთებთ, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რუსეთისთვის იარაღის გადაცემის შემთხვევაშიც. არსებობს არსებითი სანქციები. ჩვენ განვიხილავთ დამატებით ინსტრუმენტებს და უფლებამოსილებას, რათა წინ აღვუდგეთ ამ საქმიანობას“, - განაცხადა პრაისმა.
როგორც ცნობილია, შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეას რუსეთისთვის საარტილერიო ჭურვების მნიშვნელოვანი რაოდენობის ფარულ მიწოდებაში ადანაშუალებს.
დაზვერვის მონაცემების თანახმად, საბრძოლო მასალა თითქოს იგზავნება ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში, თუმცა სინამდვილეში ისინი განკუთვნილია რუსეთისთვის.
ამერიკელი ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ ჩრდილოეთ კორეადან ფარული მიწოდება დრონებსა და სხვა აღჭურვილობასთან ერთად, რომელიც რუსეთმა ირანისგან შეიძინა, წარმოადგენს კიდევ ერთ მტკიცებულებას იმისა, რომ მოსკოვის არტილერიის არსენალი საგრძნობლად შემცირებულია რვათვიანი საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში.