ხვალ, 7 დეკემბერს, პარლამენტი ბრაზილიაში, სომხეთში და მექსიკაში საქართველოს სრულუფლებიან ელჩებს დამტკიცებს. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება დღევანდელ ბიუროს სხდომაზე მიიღეს.
ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე ბრაზილიაში საქართველოს ელჩად ოთარ ბერძენიშვილს, რომელიც ამჟამად სს სამინისტროს აშშ-ის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, მექსიკაში მალხაზ მიქელაძეს და სომხეთში ედპ-ს წევრს თენგიზ შარმანაშვილს დაამტკიცებენ.
რაც შეეხება დანარჩენი 8 ელჩის კანდიდატურას საქართველოს პარლამენტი 10 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს, მანამდე კი მათ საკომიტეტო მოსმენების გავლა მოუწევთ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 2011 წლიდან 11 ქვეყანაში ახალი ელჩი ეყოლება, კერძოდ კი ბრაზილიაში საქართველოს ელჩის კანდიდატურაზე ოთარ ბერძენიშვილია წარდგენილი, რომელიც ამჟამად სს სამინისტროს აშშ-ის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. მექსიკაში მალხაზ მიქელაძე დაინიშნება, შვედეთში - პოლონეთში საქართველოს ყოფილი ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე, ხოლო პოლონეთში სლოვაკეთის ყოფილი ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, სლოვაკეთში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი, აზერბაიჯანში - თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც სტამბულში გენერალური კონსულის თანამდებობაზე მუშაობდა. ევროსაბჭოში ზურაბ ჭიაბერაშვილს თავისივე მოადგილე მამუკა ჟღენტი ჩაანაცვლებს, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილი ქვეყნის ინტერესებს უკვე შვეიცარიაში დაიცავს. გარდა ამისა, საქართველოს ახალი ელჩი ეყოლება პორტუგალიასა და ეგვიპტეშიც, სადაც, შესაბამისად, გოგა გორგილაძის და არჩილ ძულაშვილის კანდიდატურებია წარდგენილი. როტაცია შეეხება სომხეთის ელჩსაც. ამ თანამდებობაზე ედპ-ის წევრი თენგიზ შარმანაშვილი სახელდება, რომელიც ამ პოსტზე, ნინო კალანდაძის განმარტებით, თავად საქართველოს პრეზიდენტის მიერ შერჩეული კადრია.
რაც შეეხება აზერბაიჯანში ქვეყნის ელჩის ირაკლი ქავთარაძის უკან გამოწვევას, აღნიშნულს "საკანონმდებლო ორგანოში მისი საჭიროებით" ხსნიან.