ქართული მხარე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრისპირა სოფელ ერისიმედში გადაადგილების შეზღუდვას სოფლის საკითხთან დაკავშირებულ დავას უკავშირებს.
"ეს სოფელი იმყოფება იმ ტერიტორიაზე, რომელიც დელიმიტაციის პროცესშია და სადავო ობიექტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, თუკი იქ შესვლასა და გადაადგილებასთან დაკავშირებით რაიმე შეზღუდვა არსებობს, იმის გამო, რომ ის სადავო ტერიტორიაზეა", - განუცხადა ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ.
მისივე განმარტებით, სოფელ ერისიმედის ბედი დელიმიტაციის სამუშაო ჯგუფის ფორმატში განიხილება და საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ ამ ჯგუფის მიერ იქნება მიღებული.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრისპირა სოფელ ერისიმედში, რომელშიც ქართული მოსახლეობა ცხოვრობს, ქართველებისთვის შესვლა გამკაცრდა და ეს მხოლოდ სპეციალური საშვის გამოყენების შედეგადაა შესაძლებელი.