"ლუფტჰანსას" მიუნხენის რეისის გადადება ბორტზე წნევის პრობლემამ გამოიწვია. ამის შესახებ "ლუფთჰანზას" გენერალურმა მენეჯერმა საქართველოში შტეფან შვარცმა განაცხადა.
მისი თქმით, თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არა ავარიულად, არამედ გეგმიურად დაეშვა.
"დღევანდელი რეისი თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით სრულდებოდა. თვითმფრინავი აფრენიდან 40 წუთში დაბრუნდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რისი მიზეზიც ტექნიკური გაუმართაობა გახდა. კონკრეტულად ბორტზე წნევის პრობლემა იყო. ყველა მგზავრის ბილეთი სხვა ნომერზე გადაიჯავშნა", - განაცხადა შვარცმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს აღნიშნული კომპანიის რეისი თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით არ განხორციელდა. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდა, რისი მიზეზიც ტექნიკური გაუმართაობა გახდა.