საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, გია მურღულიას წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისათვის ბრწყინვალების ორდენი გადასცა.
მურღულია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და ამჟამად თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორა.
მინისტრის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მთავრობა ასეთ მაღალ ჯილდოს სკოლის დირექტორს ანიჭებს.
გია მურღულია 30-წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად, სამეცნიერო და ლიტერატურულ საქმიანობას ეწევა. მას ეკუთვნის დამხმარე სახელმძღვანელო სკოლებისათვის „საუბრები ქართულ ლიტერატურაზე" და საგანმანათლებლო წერილების კრებული „ფიქრი განათლებაზე". მურღულიას ავტორობით გამოიცა 17- წიგნიანი კრებული სახელწოდებით - „საერო ქართველი მწერლები სკოლაში" და ექვსტომეული „მსოფლიოს რჩეული მოთხრობები". რის გამოც წარდგენილი იყო წლის საუკეთესო პროექტის ნომინაციაზე ლიტერატურულ კონკურსში.
გია მურღულიას ავტორობით გამოიცა დამხმარე სახელმძღვანელო - „მსოფლიო და ქართული ლიტერატურის შედევრების მოკლე შინაარსები", ძველი და თანამედროვე იგავების კრებული - „ სიბრძნე მინიატურაში". დაარსა გოგი დოლიძის სახელობის სიმღერების ფესტივალი. მისივე ინიციატივით დაარსდა კონკურსი - „ვწერთ თავისუფალ თემას" განსაკუთრებული ჰუმანიტარული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისათვის, შემეცნებით-გასართობი პროგრამა მოსწავლეთათვის - „7 დღე".
ბატონ გიას რადიო "პალიტრის" ეთერში მიჰყავს საავტორო გადაცემა „მშობელთა კრება". იგი არის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი „განათლების ლიდერთა ლიგის" და „პარტნიორი სკოლების კავშირის". ასევე მისი თაოსნობით დაარსდა დავით გურამიშვილის ფონდი, რომლის პრემიაც საქართველოს პატრიარქს და ჭაბუა ამირეჯიბს გადაეცათ.
გია მურღულია არის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პედაგოგი „ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის", ასევე სკოლა „ლოგოსის" დამფუძნებელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი.
მურღულია 1990-2000 წლებში იყო საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის რექტორი. 2000-2004 წლებში თბილისის საკრებულოს წევრი, ხოლო 2004 წლიდან არის თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორი.