დედაქალაქის მერმა, კახა კალაძე „ნიუ ჰოსპიტალში“ ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევის დროს დაშავებული 13 წლის მოზარდი მოინახულა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დაშავებული ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.
„მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს, კარგად წარმომიდგენია, რამდენად მძიმე ვითარებაა. მეც გაუბედურებული ვარ, ძალიან შემზარავი ფაქტი მოხდა, უმძიმესია ეს ყველასთვის. უმძიმესია ეს ყველასთვის. გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ვისაც დანაშაული მიუძღვის ყველა აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის მეც თუ მაქვს რაიმე დანაშაული მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძე.
არსებული ინფორმაციით, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ორი მათგანი ხეჩინაშვილის, ერთი კი, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლი კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.